სტატიებს დაუბრუნდით

კისრის ტკივილი და სტრესი: რა კავშირია მათ შორის 

ტყუილუბრალოდ არ ამბობენ, რომ ყველა დაავადების მიზეზი ნერვებია. ყველა დაავადების თუ არა, მათი დიდი ნაწილის მაინც. ასეთია, მაგალითად, ტკივილი კისრისა და მხრის სარტყელის არეში, რომელიც ძალიან ხშირად ქრონიკული სტრესის, ზედმეტი ემოციური დაძაბულობის, შფოთვისა და დარღვევების შედეგია. 

კისერი და მხრები ჩვენი ორგანიზმის დაძაბულობის დონის ერთგვარი ინდიკატორია. და ეს გასაკვირი არ არის!  სწორედ კისრის არეში მდებარეობს მნიშვნელოვანი ნერვების წნური, ასევე დამატებითი ნერვი, რომელიც აქტიურად იჩენს თავს სტრესის დროს. მძიმე სამსახურის, ზედმეტი დაძაბულობის, შიშისა და შფოთვის დროს საფრთხისგან თავის დასაცავად სხეულის ერთგვარ შეჯგუფებას ვახდენთ - არაცნობიერად თავს შიგნით „ვმალავთ“, მხრებს კი ზემოთ ვწევთ. ქრონიკული პრობლემების და მღელვარების დროს, მუდმივად ხდება კუნთების ზედმეტი დაძაბვა, დროთა განმავლობაში ისინი ელასტიურობას კარგავს და მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი მკვრივი რჩება. ისინი ნერვებსა და სისხლძარღვებს აწვება და ხელს უშლის სისხლის ნორმალურ მიმოქცევასა და ქსოვილის კვებას. შედეგად ჩნდება დისკომფორტი, შემდეგ კი ტკივილი.  

არასასიამოვნო სიმპტომების გაჩენისას, მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მალე ექიმთან მიმართვა, რომელიც ჩაატარებს დიაგნოსტიკას, გამორიცხავს ისეთ პათოლოგიებს, როგორიცაა, მაგალითად, ხერხემლის თიაქარი ან მალების პროტრუზიები, და სათანადო მკურნალობას შეგირჩევთ. 

სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი თვითმკურნალობას მიმართავს და აქტიურად იყენებს მალამოებს, ტაბლეტებს, ხალხური მედიცინის საშუალებებს, რის შედეგადაც, ექიმთან უკვე ჩამოყალიბებული სერიოზული პრობლემებით ხვდება (თავის ტკივილი, შაკიკი, მხედველობის დარღვევა, ზურგის ტვინის ნერვების მიჭყლეტა და ა.შ.). ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, არა ექსპერიმენტების ჩატარება საკუთარ ჯანმრთელობაზე, არამედ კომპეტენტურ სპეციალისტთან დროულად მისვლა. 

პირველი, რასაც ექიმი ასეთ სიტუაციაში ნიშნავს, რა თქმა უნდა, ტკივილგამაყუჩებელი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებია. უფრო ხშირად, ის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე აკეთებს არჩევანს. დიახ, ასეთი პრეპარატები საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ ამავე დროს მათ მთელი რიგი უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები აქვს, განსაკუთრებით სისტემური მოქმედების მქონე პრეპარატებით მკურნალობის ხანგრძლივი კურსის შემთხვევაში (ტაბლეტები, კაფსულები, სანთლები და ა.შ.). 

კისრისა და მხრის ტკივილის დროს კიდევ ერთი მისაღები ვარიანტია, არანაკლებ ეფექტური, მაგრამ ამავე დროს უსაფრთხო: კომბინირებული სამკურნალწამლო პრეპარატები გამახურებელი ეფექტით, რომლებიც არ შეიცავს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს. როგორც წესი, ასეთი პრეპარატები აუმჯობესებს კუნთების კვებას და სისხლის მიწოდებას, ხსნის სპაზმს, ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს ახდენს. 

მედიკამენტების გამოყენების გარდა, კისრის დისკომფორტის მკურნალობასა და პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვარჯიშს. მხოლოდ რამდენიმე წუთიანი მარტივი ვარჯიში 2-3 ჯერ დღეში და შეგიძლიათ დაივიწყოთ კუნთების დაძაბულობა. რეკომენდებულია მხრებიდან დაწყება: ნელი შესუნთქვის დროს გაჭიმეთ მხრები ზევით, გააჩერეთ მაქსიმალურ წერტილში და ამოისუნთქეთ. შემდეგ, ძალის დატანებით, ჩამოუშვით მხრები ქვემოთ და უმოძრაოდ გააჩერეთ ასეთ მდგომარეობაში 5 წამის განმავლობაში. გაიმეორეთ რამდენჯერმე. ამის შემდეგ, გაიმეორეთ მხრების აწევა, მაგრამ მხოლოდ დიაგონალზე: მარჯვენა მხარი ზემოთკენ მიიწევს, ხოლო მარცხენა ქვემოთ და პირიქით. კისრის მოსადუნებლად, დასხედით სკამზე, ხელები შეკარით თავის უკან და დაიწყეთ კეფის მიჭერა ხელისგულებზე შესუნთქვის დროს და ნიკაპის მიჭერა მკერდზე ამოსუნთქვის დროს. ვარჯიშის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია მასაჟის კურსები, რომელიც დაძაბულობას ხსნის, ადუნებს კუნთებს და მათ ელასტიურობას აუმჯობესებს. 

არანაკლებ მნიშვნელოვანია სტრესის წინააღმდეგ ბრძოლა: ჯგუფური ან ინდივიდუალური მეცადინეობა ფსიქოლოგთან, დამამშვიდებელი პრეპარატები, მომადუნებელი აბაზანები ლავანდის ან სალბის არომატული ზეთებით, სუფთა ჰაერზე სეირნობა ან მეგობრებთან შეხვედრები. 

ამრიგად, კისრის ტკივილი სტრესსა და ცხოვრების სწრაფ დინებას გაყოლილი თანამედროვე ადამიანის უხილავი თანამგზავრია. თუმცა, პროფილაქტიკის მარტივი მეთოდების და ეფექტური პრეპარატების გამოყენებით, შეგიძლიათ მოიცილოთ უსიამოვნო შეგრძნებები და თავისუფლად გამართოთ მხრები. 

ყველა უფლება დაცულია.